შვეიცარიულ საერთაშორისო სკოლაში (SIST) განათლება იწყება პასუხისმგებლობის გააზრებით. ჩვენი მიზანია, აღვზარდოთ თაობა, რომელიც აცნობიერებს თავის როლს საზოგადოებაში და მზად არის, პოზიტიური ცვლილებები შეიტანოს სხვების ცხოვრებაში. 30 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიებაც სწორედ ამ ღირებულების პრაქტიკული გამოხატულებაა.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეები შექმნიან ხელნაკეთ ნივთებს, რომელთა შეძენის შესაძლებლობაც ექნებათ მშობლებს. ღონისძიებიდან შემოსული თანხით, ჩართესთან ერთად, დავეხმარებით მაღალმთიან სოფელში მცხოვრებ მოსწავლეს, რომელსაც არ აქვს წვდომა ციფრულ რესურსებთან და ინტერნეტთან.
„ჩართესთან“ კოლაბორაციის საფუძველი სწორედ ჩვენი საერთო ღირებულებები გახდა. პასუხისმგებლობა და შეუპოვრობა არა მხოლოდ SIST-ის სასკოლო საზოგადოების ჩამოყალიბების ფუნდამენტური პრინციპებია, არამედ „ჩართეს“ მთავარ მამოძრავებელ ძალასაც წარმოადგენს. სწორედ ამ ღირებულებებზე დაყრდნობით მიიწევენ ისინი დასახული მიზნისკენ - რაც შეიძლება მეტ ბავშვს ჰქონდეს შესაძლებლობა, ხარისხიანი განათლება მიიღოს.
ჩვენი თანამშრომლობა ეფუძნება საერთო ხედვასა და იმ რწმენას, რომ შეუპოვრობა და ცოდნისკენ სწრაფვა ყოველთვის იმსახურებს მხარდაჭერას. SIST-ისთვის პასუხისმგებლობა მხოლოდ სკოლის შიდა ღირებულება არ არის - ის ვალდებულებაა, დავდგეთ მათ გვერდით, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ ამიტომ, ამ თანამშრომლობით ჩვენ ვქმნით რეალურ შესაძლებლობებს იმ მოზარდებისთვის, რომლებიც დაბრკოლებების მიუხედავად, აგრძელებენ მიზნისკენ სწრაფვას, ვინაიდან გვჯერა, რომ დღევანდელი მხარდაჭერა, საუკეთესო ინვესტიციაა ხვალინდელი, საერთო, უკეთესი მომავლისთვის.
SIST x ჩართე